Airmax
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები
air-max.ge - შენობის საინჟინრო სისტემები

ჰაერის კონდიცირების ძირითადი დანიშნულება და მნიშვნელობა

2022-10-31

ადამიანის ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა და თვითშეგრძნება დამოკიდებულია საცხოვრებელი და კომერციული შენობების მიკროკლიმატზე, სადაც ადამიანი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს. შესაბამისად უნდა მოხდეს შიდა ჰაერის სისუფთავის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებების შენარჩუნება სხვადასხვა საინჟინრო სისტემების დახმარებით, როგორიცაა:

  • ვენტილაციის სისტემა- შენობაში ინარჩუნებს სუფთა და ჯანსაღ ჰაერს. ფილტვების მსგავსად, შენობებს უნდა შეეძლოთ სუნთქვა, რათა ადამიანებმა მიიღონ სუფთა ჰაერი და შენობა განთავისუფლდეს დაბინძურებული აირებისგან;
  • გათბობის სისტემა- უზრუნველყოფს შენობის გათბობას და ადამიანებისთვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას;
  • კონდიცირების სისტემა.

კონდიცირება

რა არის კონდიცირება?

ჰაერის კონდიცირება ნიშნავს ნაგებობების შიგა ჰაერის გარემოს საჭირო კონდიციების შექმნას და ავტომატურად შენარჩუნებას. კონდიცირებაში იგულისხმება ჰაერის შემდეგი პარამეტრები: ტემპერატურა, ტენიანობა, მოძრაობის სიჩქარე, სისუფთავე, ოდორიზაცია ან დეზოდორიზაცია, აირთა და იონთა შემადგენლობა. ჰაერის კონდიცირება წარმოადგენს უფრო მაღალი კლასის სისტემას გაცილებით დიდი შესაძლებლობებით. უპირატესობა მდგომარეობის იმაში, რომ გათბობა-ვენტილაციის ამოცანების შესრულების გარდა, მას შეუძლია შექმნას კომფორტული მიკროკლიმატი წლის ცხელ პერიოდში. ამ მიზნების მისაღწევად ჰაერის კონდიცირება ითვალისწინებს ჰაერის დამუშავებას: 

  • გათბობას ან გაცივებას; 
  • დატენიანებას ან გაშრობას;
  • მტვრისაგან გაწმენდას;
  • იონიზაციას;
  • ოდორიზაციას ან დეზოდორიზაციას. 

ჰაერის კონდიცირების სისტემები დანიშნულების მიხედვით იყოფა:

კომფორტული სისტემა- რომლის დანიშნულებაა ოპტიმალური სანიტარიულ- ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, სისუფთავის, მოძრაობის სიჩქარის დამყარება სათავსში და ავტომატურად შენარჩუნება.

ტექნოლოგიური სისტემა- რომლის დანიშნულებაა ჰაერის ისეთი პარამეტრების უზრუნველყოფა, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს სამრეწველო და ტექნოლოგიური პროცესების მოთხოვნებს.